English / ქართული / русский /
ნაირა ვირსალაძემავლინა ყიფიანი
საქართველოს მოსახლეობის შრომითი სტრუქტურისა და შრომითი პოტენციალის თანამედროვე ასპექტები

ანოტაცია. საკონფერენციო თემაში _ ,,საქართველოს მოსახლეობის შრომითი სტრუქტურისა და შრომითი პოტენციალის თანამედროვე ასპექტები“ _ განხილულია საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობა, დახასითებულია ცალკეული ასაკობრივი ჯგუფები და მათი ხვედრითი წილი მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურაში, ასაკობრივი სტრუქტურის ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორები, შესწავლილი და გაანალიზებულია საქართველოს მოსახლეობის შრომითი პოტენციალი დ ა შრომითი დატვირთვის მაჩვენებლები. 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის გარემოება, რომ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა, მასში თანდათანობით იზრდება მაღალი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი და მცირდება დაბალი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი, ასაკობრივი სტრუქტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვაობები არსებობს საქართველოს რეგიონებს შორის. დაბალია მოსახლეობის შრომითი პოტენციალი და შესაბამისად მაღალია შრომითი დატვირთვის მაჩვენებლები.
მოსახლეობის შრომით პოტენციალსა და შომითი რესურსების ასაკობრივი სტრუქტურის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესები, კერძოდ, შობადობა, მოკვდაობა, მიგრაცია. საბოლოოდ, ყველა ეს ფაქტორი კი პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად მოქმედებს ეკონომიკის განვითარების როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. 

* * *

ადამიანთა საზოგადოების არსებობის საფუძველს მატერიალური დოვლათის წარმოება შეადგენს. მოსახლეობაა ამ დოვლათის მწარმოებელიც და მომხმარებელიც. მოსახლეობას წარმოადგენს  ადამიანთა მრავალრიცხოვანი, მასობრივი ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ პირობებში გააჩნია გამრავლების, თვითშენარჩუნების უნარი. ეს უკანასკნელი კი ხდება მოსახლეობის აღწარმოებით, რაც თაობათა უწყვეტი  განახლების პროცესია.

მოსახლეობის გარკვეული რიცხოვნობის გარეშე არ იქნებოდა არც ეკონომიკა, არც ბიზნესი. დემოგრაფიული პროცესები _ შობადობა, მოკვდაობა, მიგრაცია, რომლებიც იწვევს მოსახლეობის რიცხოვნობის და შემადგენლობის ცვლილებას, განიხილება ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ფაქტორებად.

მოსახლეობა   შრომითი რესურსების ფორმირების წყარო და, შესაბამისად, შრომის ბაზრის განმსაზღვრელი ფაქტორია.   ამიტომ  მას იყენებენ  ქვეყნის შრომითი პოტენციალისა და შრომითი სტრუქტურის დასახასიათებლად.

მოსახლეობის შრომითი პოტენციალი საზოგადოებრივი კვლავწარმოების (წარმოების, განაწილების, მიმოქცევისა  და მოხმარების) პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას იძენს და   სწორ წარმოდგენას იძლევა შრომითი რესურსების შესაძლებლობაზე.

ტერმინი  ,,შრომითი პოტენციალი″  ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დამკვიდრდა. მიღებულია ,,შრომითი პოტენციალის″ არსის  რამდენიმე გაგება:

ა) მოსახლეობის შრომითი პოტენციალი არის ადამიანური პოტენციალის ნაწილი, რომელიც ფორმირდება   მისი ბუნებრივი მონაცემების (ნიჭის), განათლების, აღზრდისა და ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე. იგი მოსახლეობის წარმოებაში ჩაბმის ზღვრული სიდიდეა მისი ფიზიოლოგიური თავისებურებების, პროფესიული ცოდნისა და შეძენილი ჩვევების გათვალისწინებით. ამ გაგებით, შრომითი პოტენციალი   ეკონომიკის  ადამიანისეული  ფაქტორის  გამოხატულებაა  და  ასახავს მოსახლეობის, შრომითი რესურსებისა და სამუშაო ძალის  განსაკუთრებულ სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებს.

ბ) შრომითი პოტენციალის ცნების ქვეშ  იგულისხმება  საზოგადოების შრომის უნარი,  რომელსაც ფლობს საზოგადოება განვითარების გარკვეულ საფეხურზე. მასში მოიაზრება როგორც საზოგადოებრივი წარმოების  პროცესში ჩართული, ისე ამა თუ იმ მიზეზით გამოუყენებელი შრომითი რესურსებიც.  ასეთი ფორმულირება მიესადაგება მხოლოდ შრომისუნარიან მოსახლეობას, როგორც წარმოების პიროვნულ  ფაქტორს.  ამ შემთხვევაში არ გაითვალისწინება ადამიანის ყველა პიროვნული თვისება, უნარი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ზნეობრივი დაცემა შეიძლება გახდეს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი.

 გ) ერთ-ერთი მიდგომით,    შრომითი პოტენციალი  არის მოცემულ საზოგადოებაში საერთო დემოგრაფიული, სოციალური და სულიერი მახასიათებლებისა და უნარების განვითარება, რომელიც  განხორციელებულია ან შეიძლება განხორციელდეს არსებული შრომითი ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი აქტივობის ჩარჩოებში.  

ყოველივე ზემოთ  აღნიშნულიდან გამომდინარე, შრომითი პოტენციალი შეიძლება განვიხილოთ, როგორც დემოგრაფიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და სოციალურ-ფსიქოლოგიურ  ურთიერთდაკავშირებულ მაჩვენებელთა სისტემა.

ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ ცნებები: მოსახლეობის შრომითი პოტენციალი და თაობის შრომითი პოტენციალი;  ეს უკანასკნელი მოსახლეობის  შრომითი პოტენციალის კერძო შემთხვევაა. თაობის შრომითი პოტენციალი - მოსახლეობის  შრომითი აქტივობის საერთო  ეკონომიკურ-დემოგრაფიული მახასიათებელია. იგი გულისხმობს ადამიანის სამუშაო აქტივობის საშუალო ასაკს, რომელიც ამ ადამიანმა უნდა განვლოს ეკონომიკურად აქტიური პერიოდიდან, მოკვდაობის გარკვეული დონის გათვალისწინებით.

ასევე  ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ   ცნებები -  მოსახლეობის სამუშაო ძალა და მოსახლეობის შრომითი პოტენციალი. მათ შორის  განსხვავება იმაშია, რომ ,,სამუშაო ძალის″ ქვეშ მოიაზრება  შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელიც მუშაობს ან აქტიურად ეძებს სამუშაოს, მაშინ როცა ,,მოსახლეობის შრომითი პოტენციალი″   გულისხმობს არა მხოლოდ მოქმედ წარმოებაში სამუშაო ძალის გამოყენებას, არამედ ის თავის თავში მოიცავს ადამიანის გამოუყენებელ აქტივობას იმ შემთხვევაშიც, თუ წარმოება გაჩერებულია. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის შრომითი პოტენციალი შეიძლება განისაზღვრო, როგორც გამოყენებული, ისე გამოუყენებელი, ანუ სარეზერვო შრომის ნაკადი.

შრომითი პოტენციალი თავისი არსით ახლოსაა ცნებასთან ,,ადამიანური რესურსი’’. ამ უკანასკნელს ხშირად იყენებენ  დასავლურ ეკონომიკურ ლიტერატურაში. ამავე დროს ის უფრო  ფართო შინაარსისაა,  ვიდრე სამუშაო ძალა და ადამიანური კაპიტალი. თუ სამუშაო ძალა  ხასიათდება ნიშნებით ჯანმრთელობა, განათლება, პროფესიონალიზმი, ადამიანური კაპიტალი ამ ნიშნებთან ერთად მოიცავს ბუნებრივ შესაძლებლობებსაც (ნიჭი და მობილობა). შრომითი პოტენციალი ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებთან ერთად ხასიათდება თვითრეალიზაციის უნარით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს აქტივობას, ორგანიზებულობას ,,შემოქმედებითობას, ადამიანებთან ურთიერთობის უნარს და ა. შ.  შრომითი პოტენციალი შეისწავლება ცალკეული მუშაკის, საწარმოს (ფირმის), საზოგადოების დონეზე. საზოგადოების შრომითი პოტენციალი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და  საზოგადოების ინტელექტუალურ დონეზე.,საზოგადოებრივი შრომითი პოტენციალი  გაიანგარიშება  ფორმულით:                                

 S საზ. შრ.პოტენციალი = 

                                   

სადაც  S  საზოგადოებრივი შრომის პოტენციალია,

         Zi  -  ეროვნულ ეკონომიკაში მონაწილეობის შემძლე მოსახლეობის რიცხვი ცალკეული  i-ური  ჯგუფების მიხედვით (კაცი);

            T -კანონით დადგენილი სამუშაო დროის  ხანგრძლივობა თითოეული i-იური ჯგუფისათვის კალენდარულ დროში (სთ).

2014  წლისათვის საქართველოს მოსახლეობის შრომითი პოტენციალი 1989 წელთან შედარებით შემცირებულია 30.5%-ით, რაც ძირითადად, ჩვენი აზრით, საქართველოს მოსახლეობის მკვეთრი შემცირებით არის გამოწვეული.

შრომით პოტენციალთან ერთად მნიშვნელოვანია მოსახლეობის შრომითი  სტრუქტურის  შესწავლა.

მოსახლეობის შრომითი სტრუქტურის ანალიზისათვის დემოგრაფიაში გავრცელებულია მოსახლეობის დაჯგუფება მსხვილი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: შრომისუნარიანზე  უმცროსი ასაკის, შრომისუნარიანი ასაკის და შრომისუნარიანზე უფროსი ასაკის. ამ დაყოფის მიხედვით საქართველოს მოსხლეობის ასაკობრივი სტრუქტურა  2002 და 2014 წლების აღწერების ფონზე ასე გამოიყურება  (ცხრილი 1). 

ცხრილი 1

მოსახლეობის ასაკობივი შემადგენლობა

 

 

        1989

          2002

             2014

ათ.კაცი

%

ათ.კაცი

%

ათ.კაცი

       %

შრომისუნარიანზე  უმცროსი ასაკის

1339.2

24.8

915.9

20.9

691.3

18.6

შრომისუნარიანი ასაკის

3 586.1

66.4

2 796.8

63.9

2 492,4

67.1

შრომისუნარიანზე უფროსი ასაკის

475.5

8.8

658.8

15.2

530.3

14.3

სულ მოსახლეობა

5 400.8

100.0

4 371.5

100.0

3 714.0

100.0

წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის  მიერ აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით. 

2002-2014 წლებში მნიშვნელოვნად  შემცირდა მოსახლეობის აბსოლუტური რიცხოვნობა (-6575,0 ათ კაცი), შესაბამისად, შემცირდა  ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების აბსოლუტური მაჩვენებლებიც. განსაკუთრებით  მკვეთრად  შემცირდა  შრომიუნარიანზე უმცროსი ასაკის  მოსახლეობის აბსოლუტური მაჩვენებელი (224.6 ათ.კაცი) და მისი ხვედრით წილი (2.3  პროცენტული პუნქტით).

                                                                                                                                   დიაგრამა 1

მოსახლეობის განაწილება ძირითადი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 1989, 2002 და 2014 წლის აღწერების მიხედვით (%)

შვედი დემოგრაფი  გ. სუნდბერგი  მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის  ანალიზის საფუძველზე  მივიდა იმ დასკვნამდე, რომ  ასაკობრივი სტრუქტურა შეიძლება იყოს სამი ტიპის: პროგრესული, სტაციონარული (უცვლელი) და რეგრესული ტიპის.

ასაკობრივი სტრუქტურის ტიპი დამოკიდებულია ახალგაზრდა და  უფროსი თაობის თანაფარდობაზე.  პროგრესული ასაკობრივი სტრუქტურა შრომისუნარიანზე უმცროსი ასაკის  მოსახლეობის მაღალი ხვედრითი წილით ხასიათდება და ასეთი მოსახლეობა სწრაფ ზრდას განიცდის.   რეგრესიულ ასაკობრივ სტრუქტურაში კი   შრომისუნარიანზე უმცროსი ასაკის  მოსახლეობის ხვედრითი წილი 20 პროცენტი და ნაკლებია. ასეთი მოსახლეობა კლებას განიცდის. საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი  სტრუქტურა რეგრესიულია  (ახალგაზრდების  ხვედრითი წილი  შემცირებით ხასიათდება).

შრომითი რესურსების ასაკობრივი სტრუქტურის შესწავლისას გამოყოფენ  შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებს: ა. 16-29 წელი - ახალგაზრდა, 30-49 წელი - შუა ასაკი, გ. 50-64 წელი - წინასაპენსიო  ასაკი (ცხრილი 2).

ცხრილი 2

საქართველოს შრომითი რესურსის ასაკობრივისტრუქტურა

 (2002- 2014 წლების საყოველთაო აღწერების მიხედვით)

 

2002

2014

ათ.კაცი

%

ათ.კაცი

%

15-29 წელი-ახალგაზრდა

995.8

 

22.7

770.8

20.7

 

30-49 წელი - შუა ასაკი

1 247.2

28.5

993.3

 

26.7

 

50-64 წელი -წინასაპენსიო ასაკი

654.1

14.9

728.2

16.6

 

წყარო: ცხრილი შედგენილია აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით. 

შრომითი რესურსების ასეთი ასაკობრივი სტრუქტურა  საშუალებას იძლევა განისაზღვროს ახალგაზრდობის წილი შრომით რესურსებში, შეფასდეს შრომითი რესურსების დაბერების პროცესი,  განსაზღვრავს შრომით რესურსებში დასაქმებულთა წილს და ა. შ. ვინაიდან  25 წლამდე ახალგაზრდობა, ფაქტობრივად, სწავლითაა დაკავებული და ვერ ერთვება შრომით პროცესში,  ამ კონტინგენტის წილი დასაქმებულ მოსახლეობაში დაბალია

 (გრაფიკი 1).  ყველაზე  მაღალი ხვედრითი წილით  გამოირჩევა 30-45 წლის ასაკობრივი ჯგუფი, ამიტომ მისი მაღალი წილი შრომით რესურსებში, ეფექტიანი დასაქმების შემთხვევაში, მაღალი შრომის მწარმოებლურობის საწინდარია.

                                                                                                                                             გრაფიკი 1

 

 თუ მოსახლეობაში 40-64 წლის ასაკობრივი  ჯგუფის წილი სისტემატურად იზრდება,  ეს ნიშნავს იმას, რომ მიმდინარეობს შრომითი რესურსების დაბერება. მე-2 ცხრილის მონაცემები სწორედ ამის მაჩვენებელია.  თუ 2002 წლისათვის 50-64  წლის ასაკობრივი ჯგუფის  ხვედრითი წილი  მთელ მოსახლეობაში 14.9 %-ს შეადგენდა, 2014 წლისათვის მისი ხვედრითი წილი 16.6%-მდე  გაიზარდა, რაც საქართველოს მოსახლეობის და, შესაბამისად, შრომითი რესურსების დაბერებაზე მეტყველებს.

შრომითი რესურსების ასაკობრივი სტრუქტურის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესები, კერძოდ, შობადობა, მოკვდაობა, ასაკობრივი სტრუქტურა, მიგრაცია.

- როცა ქვეყანაში შობადობის დონე მაღალია, შრომით რესურსებში იზრდება ახალგაზრდობის წილიც, თუმცა ეს არ ხდება მოსახლეობის ზრდის პარალელურად, ეს პროცესი შრომით რესურსებზე გარკვეული დროის შემდგე აისახება. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შობადობის მაღალი დონე განაპირობებს შრომისუნარიანი ასაკის  მოსახლეობის  რიცხოვნობის ზრდას, რაც გაითვალისწინება  დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრისას.

- მოკვდაობა მაშინ ახდენს გავლენას შრომითი რესურსების რიცხოვნობაზე, თუკი ის მაღალია შუა ასაკობრივ ჯგუფში, საპენსიო ასაკის მოსახლეობაში მოკვდაობის ზრდა გავლენას არ ახდენს შრომითი რესურსების რიცხოვნობაზე, ხოლო ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის მაღალი მაჩვენებელი ამცირებს მოსახლეობის სიცოცხლიანობის მაჩვენებელს  და გარკვეული დროის შემდეგ შრომისუნარიანი  ასაკის მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას იწვევს.  მოსახლეობის აღწარმოების დღევანდელი ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, შრომისუნარიანის შემდგომი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი გადააჭარბებს შრომისასაკამდელი მოსახლეობის ხვედრით წილს.

მოსახლეობის შრომითი სტრუქტურის დასახასიათებლად იყენებენ შრომითი ასაკის მოსახლეობის დემოგრაფიული დატვირთვის მაჩვენებლებს. ეს მაჩვენებლები გამოითვლება როგორც ცალკე ბავშვებით და ცალკე ხანდაზმულებით, ისე ერთად. ეს მაჩვენებლები გვიჩვენებენ რამდენი  ხანდაზმული (ბავშვი) ან  ორივე ერთად  მოდის შრომითი ასაკის ყოველ 100 ადამიანზე (ცხრილი 3).

                                                                                                                                    ცხრილი 3            

შრომითი ასაკის მოსახლეობის  დემოგრაფიული დატვირთვის მაჩვენებლები

(1989-2014 წლების აღწერის შედეგების  მიხედვით)

 

      1989

2002

2014

       ბავშვთა დამოკიდებულების  (დატვირთვის) კოეფიციენტი : 

               (Kდატვ. = S0-14/S20-59)x100

 

 

46.7

 

40.0

 

33.6

   ხანდაზმულთა დამოკიდებულების  (დატვირთვის) კოეფიციენტი:

               (Kდატვ. = S60+/S20-59)x100

 

 

27.1

 

35.8

 

36.1

დამოკიდებულების ჯამური კოეფიციენტი

           Kსაერთო დატვირთვის =((S0-14 + S60+) /S20-59 ))X100

 

 

73.8

 

75.8

 

69.7

 

მნიშვნელოვანია შრომითი დატვირთვის სტრუქტურის ანალიზი.  შრომითი დატვირთვის სტრუქტურა წარმოადგენს ბავშვთა და ხანდაზმულთა დამოკიდებულების კოეფიციენტების ხვედრით წილს დამოკიდებულების ჯამურ  კოეფიციენტში.  ჯამური  დატვირთვის კოეფიციენტის სიდიდე საქართველოში შეიცვალა, მისმა  შემადგენლობამ განიცადა არსებითი ცვლილებები. თუ ადრე საზოგადოება მუშაობდა, მნიშვნელოვანწილად, ბავშვების უზრუნველსაყოფად, დღეს ეკონომიკა უფრო მეტად ხანდაზმულთა  რჩენასა და მომსახურებაზეა ორიენტირებული. ამ ცვლილებების მიზეზია მოსახლეობის დაბერება,  მოსახლეობის ბუნებრივ  აღწარმოებაში მომხდარი ცვლილებების შედეგად დაბერების პროცესის დაჩქარება.

ამრიგად, ერთ შრომისუნარიანზე რაც უფრო მეტი არაშრომისუნარიანი (ანუ კმაყოფაზე მყოფი) მოდის, მით მეტი მოთხოვნები წაეყენება დასაქმებულთა შრომის ეფექტიანობას. მნიშვნელობა აქვს არაშრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილის ასაკობრივ სტრუქტურასაც. თუ მის რიცხოვნობაში იზრდება მოზარდების, ანუ პოტენციურ შრომისუნარიანთა ხვედრითი წონა, მომავალში შეიძლება ველოდოთ თითოეული დასაქმებული შრომისუნარიანის დატვირთვის შემცირებას.

მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას განსაზღვრავს და სათანადო კორექტივი შეაქვს მასში მოსახლეობის აღწარმოების წესს. ამ უკანასკნელის ბაზაზე იცვლება შრომისუნარიანი და არაშრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის თანაფარდობა, რომელიც უშუალოდ რეაგირებს ქვეყნის შრომით პოტენციალზე და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებაზე.  

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ხმალაძე მ. დემოგრაფია, სახელმძღვანელო, თბ., 2009.
  2.  ვირსალაძე ნ. საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა და გენდერული  თანასწორობის სტატისტიკა, ჟ. ეკონომიკური პროფილი  № 3,   2007.
  3. www.statistics.ge
  4. http://census.ge/files/results/Census%20Release_GEO.pdf?fbclid=IwAR0k46O5dwbh6sBHpHOdDAOdwJ9H68RJCZQil9tiP_e0A2lUAXrcz5-hQJU
  5.  http://geostat.ge/?action=page&p_id=472&lang=geo&fbclid=IwAR3Hd9Av92KuC- mfVtk0SL3VH4Ua_WT97K9hfpq-4alkV92DCsUxqFdg2A